მრგვალი მაგიდა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების პროცესზე

3 ივნ, 2016

 

3 ივნისს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“  ორგანიზებით საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების შესახებ სადისკუსიო შეხვედრა  გაიმართა.

საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების  მონაწილეობით შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, ასევე საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების შესახებ და ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრება რეფორმასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის რეფორმა საქართველოს პარლამენტში 2016 წლის მარტში დაიწყო. ადამიანის უფლებათა კომიტეტის ინიცირებული კანონმდებლობის მიხედვით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის, საქმეთა განაწილების წესები, ასევე იზრდება გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა, აქტების ხელმოწერისა და გამოქვეყნების წესები. საბოლოო კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებულ იქნა მაისის დასაწყისში, რის შემდეგაც იგი გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, რომელმაც თავისი წინასწარი მოსაზრება დაჩქარებულად წარმოადგინა. მათი მოსაზრებით იდენტიფიცირებულ იქნა გარკვეული პრობლემატური საკითხები. ამ მოსაზრების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტმა კანონი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა საქართველოს პარლამენტს. პრეზიდენტის ვეტოთი გარკვეული პრობლემური საკითხების გამოსწორება ხდება, მაგრამ კანონში მაინც რჩება ხარვეზიანი/არაკონსტიტუციური დებულებები. სწორედ ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობს დღევანდელ შეხვედრაზე.