ონკოლოგიური დაავადებები - პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა - ტრენინგი სამეგრელოს რეგიონის ექიმებისთვის

4 აპრ, 2017

2017 წლის 25-26 მარტს, ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ონკოლოგიური დაავადებები პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა“.  ტრენინგს, რომელიც სამეგრელოს რეგიონის პირველადი ჯანდაცვის 50 ექიმისთვის მოეწყო, უძღვებოდნენ პროფესორი რემა ღვამიჩავა და მედიცინის დოქტორი იოსებ აბესაძე.

ტრენინგი ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონის” პროექტის  -“ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვისთვის” ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს”  მიერ.

„პირველადი ჯანდაცვის ქსელი სწორად იყო შერჩეული ტრენინგის სამიზნე ჯგუფად, რადგან სწორედ  პირველადი ჯანდაცვის ქსელი არის ის დასაყრდენი, რომელსაც პირველი კონტაქტი აქვს პაციენტთან.  ონკო-საკითხებში პირველადი ჯადაცვის რგოლის ექიმების  ცოდნის ამაღლება  რეალურ შესაძლებლობას მოგვცემს პაციენტებს ვუმკურნალოთ  ადრეული გამოვლენის სტადიაზე, ხოლო რიგ შემთხვევებში, სწორი რჩევები მივცეთ და თავიდან ავაცილოთ მათ ონკოდაავადებათა განვითარება,” – აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.

შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “უნივერსალურ სამედიცინო ცენტრსა” (ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) და ასოციაცია „ქსენონს”  შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თბილისსა და რეგიონში მომუშავე კოლეგების მჭიდრო პროფესიული კავშირების დამყარების ხელშეწყობას, ასევე ასოციაცია “ქსენონის” ოფისში „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის” სპეციალისტების მიერ  გარკვეული პერიოდულობით, მოსახლეობის უფასო გასინჯვებს.