განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში

4 ოქტ, 2017
იხილეთ სრული ვერსია

ავტორები: დიანა ლეჟავა, მარიამ ამაშუკელი, ნინო გუგუშვილი. გამოსცა სოციალური მეცნიერებების ცენტრმა ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის წინამდებარე კვლევა ეხება განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირს საქართველოში და მოიცავს სამ ძირითად საკითხს: განათლების ინდივიდუალური ამონაგები (ფინანსური სარგებელი), განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან და შრომითი კმაყოფილება. პუბლიკაციაში წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი ეფუძნება სოციალურ მეცნიერებთა ცენტრის მიერ 2016 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას. ასევე, გამოყენებულია მსოფლიო ბანკის საქართველოს 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაც. მონაცემების დამუშავება მოხდა სტატისტიკური პროგრამის SPSS საშუალებით.

პუბლიკაცია შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული ნაწილისგან. ნაშრომის სტრუქტურა თანმიმდევრულად მიჰყვება ზემოთ ჩამოთვლით საკითხებს, რომელსაც აქტიურად სწავლობს განათლების ეკონომიკა თანამედროვე მსოფლიოში. ვინაიდან, წინამდებარე ანგარიშის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირის რეალური სურათის ჩვენება, ვფიქრობთ, მიღებული შედეგების გათვალისწინება თავის პოზიტიურ წვლილს შეიტანს უმაღლესი განათლების ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებაში.

თითოეული თავი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: კონტექსტი, ანუ საკითხის თეორიული მიმოხილვა; ძირითადი შედეგების მიმოხილვა, რაც მოიცავს კვლევის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს; და შემაჯამებელი დისკუსია, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი დასკვნები და საკითხები, რომლებიც მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომდენაციები სახელმწიფო უწყებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ანგარიშს დანართების სახით თან ერთვის ცხრილები და დიაგრამები; ხოლო ბოლოს, წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურის სია.