პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტი - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესება 2019 წ.

16 მაი, 2020
იხილეთ სრული ვერსია

პოლიტიკის აღნიშული დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევას, რომელიც, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2018-2019 წლებში განახორციელა. მისი მიზანი იყო ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით არსებული ვითარების შეფასება.  მსგავსი ფოკუსით კვლევა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის უმეტესწილად აქცენტს სვამს ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლების პოზიციაზე, რომლებიც კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მტკიცებულებათა მნიშვნელოვან წყაროს სახელმწიფო დონეზე ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.

ამ დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციების წყარო, ერთი მხრივ, კვლევის პროცესში თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ შეთავაზებული წინადადებები, მეორე მხრივ კი, ანალოგიური პოლიტიკის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებია. რეკომენდაციათა კიდევ ერთი წყაროა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით 2019 წლის მარტში ჩატარებული სამუშაო შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც დისკუსიაში მონაწილე ექსპერტებს, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკუთვნით.

პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი წინადადებები კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივებისა და სამთავრობო პროგრამების/პროექტების სახით ასახვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილის ადრესატი არასამთავრობო სექტორი, დონორი ორგანიზაციები და ბიზნეს-სექტორია. საერთო ჯამში, აქ წარმოდგენილი რეკომენდაციების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემები ეყრდნობა მასობრივ გამოკითხვას ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ, რომელიც ჩატარდა სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, თბილისსა და ბათუმში. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში მცირე ეთნოსების წარმომადგენლები (კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 20.7%) გამოიკითხნენ, რომელიც რუსულენოვან, ქურთ/იეზიდ ან ბოშების თემს აკუთვნებს საკუთარ თავს. გამოკითხულთა 20.5% სომხურ, 20.2% აზერბაიჯანულ, 20.1% ქისტ, 18.6% ოს თემს ეკუთვნის, რომელიც კომპაქტურად განსახლებულნი არიან ქვეყნის სამხრეთით – სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონში.