საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში (2016-2017 წლები)

25 ოქტ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

2013 წელს საქართველოში დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა სახელმწიფოებრიობის აღდგენის (1991 წელი) შემდეგ პირველი არ არის. ყველა წინამორბედ რეფორმას, მიუხედავად განსხვავებებისა, აერთიანებდა ის, რომ ისინი არასრული და ურთიერთწინააღდეგობრივი იყვნენ,
ამასთან ცალკეულ წარმატებებს ხშირად სტაგნაცია ან უკანდახევის პერიოდი მოსდევდა.

ამჟამადაც ანალოგიური სურათი იკვეთება. 2013-2015 წლებში განხორციელდა რიგი ცვლილება თვითმმართველობების ტერიტორიული ორგანიზების (ახალი ერთეულების შექმნა), სტრუქტურის ცვლის (მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევითობა), ფისკალური დეცენტრალიზაციის (გადასახადების ნაწილის ადგილზე გადაცემა) და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდის მიმართულებით. 2015 წლის ბოლოდან კი უკუპროცესი აღინიშნება – ცენტრი ცდილობს კვლავ გააძლიეროს კონტროლი ადგილობრივ დონეზე (სახანძრო უსაფრთხოების უფლებამოსილების ცენტრალიზაცია (2015), `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის” გაუქმება (2016), ცენტრის მიერ ადგილებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება – კადრების შერჩევისას კონტროლის გაძლიერება წინასაარჩევნო პერიოდში (2016), თვითმმართველი ქალაქების გაუქმება (2017), ადგილობრივი მნიშვნელობის პროგრამების განსახორციელებლად საჭირო რესურსების ცენტრალიზება). უკან დახევა ნათლად ჩანს 2014-2015 და 2016-2017 წლებში მიმდინარე

პროცესების ურთიერთშედარებისას:

  • კანონმდებლობა და რეგულირება – აღარ განიხილება თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ყველა მუხლთან მიერთების საკითხი. ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების ხედვების განსახილველად წარმოდგენა;
  • ტერიტორიული ორგანიზება – 2017 წელს კვლავ მოხდა თვითმმართველი ქალაქების ოდენობის შემცირება. კვლავ გაურკვეველია ხელისუფლების დამოკიდებულება რეგიონებში სამხარეო დონეზე იურიდიული პირის სტატუსის მქონე სტრუქტურების შექმნასთან
    დაკავშირებით;
  • უფლებამოსილებები – ორგანული კანონით თვითმმართველობებისათვის გადაცემული უფლებამოსილებების რეალიზების პროცესი დროში იწელება: პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტების განხილვის პროცესი შეჩერდა;
  • ვითმმართველობის სტრუქტურები – აღარაფერი ისმის მუნიციპალურ სამსახურთა ოპტიმიზაციაზე. უფრო მეტიც – წინასაარჩევნო პერიოდებში ხელისუფლება აუქმებს რიგ შეზუდვას სამოხელეო შტატების ზრდაზე;
  • ფინანსები – საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ადგილზე დატოვების საკომპენსაციოდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმავე პროპორციით შეამცირა გათანაბრებითი ტრანსფერი.

2017 წლიდან ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ წინა წლების ყველა რეფორმა მცდარი გზით ან არასრულად მიდიოდა და რომ ახლა იგეგმება რეალური დეცენტრალიზაცია. 2018 წელს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად აკეთებენ განცხადებას, რომ:

  • გაიზრდება თვითმმართველობებისათვის უფლებების დელეგირების დონე (მაშინ როცა თვითმმართველობის ევროპული ქარტია ექსკლუზიური უფლებების არსებობას მიიჩნევს რეალურ თვითმმართველობად);
  • თვითმმართველობების ბიუჯეტი მშპ-ს მინიმუმ 7% იქნება (მაგრამ ჯერ არ ჩანს, რა უფლებამოსილებებისათვის გადაეცემათ მათ ეს რესურსი);
  • მოხდება ადგილობრივი უნარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა (ჯერჯერობით არ მომხდარა მექანიზმების დაკონკრეტება).

კონკრეტული ქმედებების გეგმის წარმოდგენას ხელისუფლება 2018 წლის შუახანებისთვის აპირებს, თუმცა უკვე დაანონსდა, რომ რეალური ცვლილებების განხორციელება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში – 2025 წლისათვის – დაიწყება.

ავტორები:
დავით ლოსაბერიძე; ირაკლი კახიძე; ანა ქათამიძე

საქართველოში ადგილობრივი დე… by on Scribd