საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა

27 მარ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან ნოემბრამდე.
ავტორი: ბაბუცა პატარაია – კავშირ „საფარის” სახელით. რეცენზენტი: პროფ. ტობიას შუმახერი. თარგმანი: ანა გეგეჭკორი.

ევროკავშირი-­საქართველოს 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგში მოცემულია პრიორიტეტების ჩამონათვალი ერთობლივი ქმედებისათვის; დღის წესრიგში არის ქვეთავი თანასწორი მოპყრობის შესახებაც. გენდერული თანასწორობისა და მამაკაცებისა და ქალების მიმართ თანასწორი მოპყრობის მიღწევისთვის საჭიროა ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აუცილებელია სექსუალური შევიწროების, როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, რეგულირება. სექსუალური შევიწროება აღიარებულია როგორც შრომით ბაზარზე, ისე საზოგადოებრივ სივრცეში გავრცელებულ პრობლემად. დასაქმებაში თანასწორი შესაძლებლობების კომისიის (EEOC) განმარტებით, „უკანონოა ადამიანის შევიწროება ამ ადამიანის სქესის გამო“. სექსუალური შევიწროება ევროკავშირის საბჭოს სხვადასხვა დირექტივაში განმარტებულია როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა.

საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, შეასრულოს აღნიშნული დირექტივების მოთხოვნები და მიიღოს რეგულაციები სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოს ჯერ არ აქვს სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი აქტები. შესაბამისად, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს საკანონმდებლო ცვლილებების გადაუდებლად მიღების აუცილებლობის დემონსტრირებას. საქართველოს მთავრობამ გარკვეული ზომები მიიღო ზოგადად გენდერული თანასწორობის მისაღწევად: ზოგიერთ სამინისტროს აქვს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები, ზოგიერთ მინისტრს კი ჰყავს გენდერულ საკითხებში მრჩევლები. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია და დაინიშნენ გენდერული საკითხების კოორდინატორები. ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელების კოორდინირების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ და ადგილობრივ უწყებებში შემოღებული იქნა გენდერული საკითხების კოორდინატორთა სისტემა. პარლამენტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, მაგრამ დღემდე სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სექსუალური შევიწროების საკითხს არ ექცეოდა ყურადღება.