შრომის უსაფრთხოების მიმდინარე რეფორმის ნაკლოვანებები

27 მარ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან ნოემბრამდე.
ავტორი:ლინა ღვინიანიძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). რეცენზენტი: პროფ. ტობიას შუმახერი.

სამუშაო ადგილზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საქართველოში წლების მანძილზე უდიდეს გამოწვევად რჩება. შრომის უსაფრთხოების უფლების დარღვევის სიმწვავეს ნათლად წარმოაჩენს ბოლო წლების მანძილზე დასაქმებულთა გაფიცვების და პროტესტების ტალღა, რომელთა ერთერთ მთავარ მოთხოვნას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2011-2016 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე დაშავდა 776 და გარდაიცვალა 270 დასაქმებული.

ამ პრობლემის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შექმნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დეპარტამენტის მანდატი შეზღუდულია მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების საკითხებით. ამასთან, დეპარტამენტს სამუშაო ადგილზე შრომითი ინსპექტირებისთვის დამსაქმებლის ნებართვა სჭირდება და ინსპექტირების შემდგომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ გააჩნია, რაც წინააღმდეგობაშია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მინიმალურ სტანდარტებთან .

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნის მიუხედავად, საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. 2014-2016 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით საქართველომ აიღო ვალდებულება შეექმნა შრომის ინსპექტირების ისეთი მექანიზმი და ინსტიტუტი, რომელსაც სამუშაო პირობების შესამოწმებლად ადეკვატური პოტენციალი ექნებოდა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა .მოცემული საკითხი ასევე განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების 13-ე და 14-ე თავებში.

აღნიშნული მოთხოვნები საქართველოს ამ დრომდე არ აქვს შესრულებული. ამასთან, შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ქმედით მექანიზმად ჩამოყალიბება ასევე წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ საკითხს.