სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო

28 სექ, 2017
იხილეთ სრული ვერსია

გამოცემაში შესულია ახალი ქართული სოციალური საწარმოების მაგალითები. პუბლიკაცია განკუთვნილია სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

პუბლიკაცია შექმნილია პროექტის “ადგილობრივი შესაძლებლობების გაზიარება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში” ფარგლებში, ევროკავშირის დახმარებით.

სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევს მრავალ ქვეყანაში, რამდენადაც იგი თავის თავში ერთდროულად ათავსებს სოციალური მისიისკენ სწრაფვას და ბიზნესის ტიპის საქმიანობას. მსოფლიოს ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა სხვადასხვა გზით ვითარდებოდა, შესაბამისად, განსხვავებული პრაქტიკა და გამოცდილება დაგროვდა. ტერმინი “სოციალური მეწარმეობა” ასოცირდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაწეულ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობასთან, რომელიც მიზნად ისახავს მოგების მიღებას. მიღებული მოგება კი მათ მისიასთან და მიზნებთან შესაბამისად პოზიტიური სოციალური ცვლილებების განხორციელებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკისა და ევროპის არამომგებიანი ორგანიზაციები მსგავს საქმიანობას უკვე საკმაოდ დიდი ხანია ეწევიან, ტერმინი სოციალური მეწარმეობა სათავეებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს, ხოლო მისი განსაკუთრებით დინამიური განვითარება 90-იანი წლებიდან დაიწყო.

ევროპაში მესამე სექტორი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, როგორიცაა კოოპერატივები, ასოციაციები, ფონდები და ა.შ. ორგანიზაციათა ეს ჯგუფი ხშირად მოიხსენიება როგორც “სოციალური ეკონომიკის” ორგანიზაციები. რაც შეეხება სოციალური საწარმოს განვითარებას, პირველი იმპულსი ევროპაში იტალიის კოოპერატიული მოძრაობიდან განვითარდა. 1991 წელს იტალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც შემოიტანა კოოპერატივების ახალი, სპეციალური ფორმა “სოციალური კოოპერატივი”. მას შემდეგ სოციალური მეწარმეობა სწრაფად ვითარდება ევროპაში. მას მრავალ ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლების ორგანოებიდან. ასევე მნიშვნელოვანია საკითხისადმი ინტერესი და მხარდაჭერა ევროკავშირში. 2011 წელს ევროკავშირმა წამოიწყო ახალი ინიციატივა სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს განვითარებას გულისხმობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავს საქმიანობას არამომგებიანი ორგანიზაციები XIX საუკუნის ბოლოდან ახორციელებენ. ეკონომიკური მიდგომების გამოყენებით სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარების მაგალითები არასამეწარმეო ორგანიზაციების მიერ განსაკუთრებით გაიზარდა 70-იანი წლების შემდეგ, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტმა ორგანიზაციამ წამოიწყო ბიზნეს ტიპის საქმიანოებები უსახლკაროთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. თუმცა, აშშ-ში სოციალური მეწარმეობის განვითარების გარდამტეხი ეტაპია 1993 წელი, როდესაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ წამოიწყო “სოციალური მეწარმეობის ინიციატივა”. მალე მას მხარი აუბა სხვა პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა, მათ შორის იელის და კოლუმბიის უნივერსიტეტებმა, სადაც დაიწყეს სხვადასხვა ტიპის სასწავლო და ტრენინგ პროგრამების მომზადება.