ქართული წვეულება ლონდონში

24 ივნ, 2016

 

26 ივნისს, კვირას, 14:00-19:00 საათზე, ლონდონში (მისამართი:122 Boundary Road, NW8 0RH)  ბრიტანულ-ქართული საზოგადოება ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას აწყობს, რომელსაც ლონდონში ქართული რესტორანი „თამადა” უმასპინძლებს.

გამოფენა-გაყიდვაზე შეგროვილი თანხის ნაწილით ბავშვთა ჰოსპისის გარდა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის მუსიკის გაკვეთილებიც დაფინანსდება.

ნახეთ პრესრელიზი. 

###

ბავშვთა ჰოსპისის შესახებ:

2016 წლის დეკემბერში საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა დაიწყო.  ბავშვთა ჰოსპისის გახსნა წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი თბილისში, სოფელ დიღომში.

ბავშთა ჰოსპისი არის სახლი, სადაც მოზარდი მაშინ ხვდება, როცა საქმე გვაქვს ქრონიკულ და განუკურნებელ დაავადებესთან. იმ მომენტიდან, როცა დადგინდება, რომ დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება და ბავშვს მცირე ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი (საშუალოდ 6 თვე) დიდ მნიშვნელობას იძენს პალიატიური მზრუნველობა. პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვნად ვერ გაახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ ის სრულიად ცვლის პაციენტის და მისი ოჯახის მდგომარეობას, რადგან აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.  პალიატიური მზრუნველობა განვითარებულ ქვეყნებში წამყვანი დარგია. ამ დროს აქცენტი გადატანილია არა მკურნალობაზე, არამედ განუკურნებელი დაავადებით გამოწვეული ტკივილების, დისკომფორტის შემსუბუქებაზე, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე, სულიერ თანადგომაზე, პაციენტის სურვილების შესრულებაზე და ა.შ.

პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას პაციენტები, როგორც წესი, იღებენ  ე.წ ჰოსპისში. ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვაგონებდეს საავადმყოფოს. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის,  მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ. ბავშვთა ჰოსპისის  კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტულ მდგომარეობას მძიმე დაავადების პირობებშიც კი.

ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში დღემდე არ არსებობს.  2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  ყოველწლიურად საქართველოში 839 ბავშვს უდგინდება ქრონიკული და განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი და ესაჭიროება პალიატიური მზრუნველობის მომსახურება. 2014 წლიდან, ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის” დახმარებით საქართველოში შინ ზრუნვის გუნდი შეიქმნა და 22 ბავშვს უფასოდ უწევს პალიატიურ მომსახურებას. ბინაზე მომსახურება ჰოსპისის გახნის შემდეგაც გაგრძელდება.