შეხვედრა ირიბი მტკიცებულებების თაობაზე

28 ივლ, 2015

2015 წლის 28 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით გამართა შეხვედრა თემაზე ‘საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბი მტკიცებულებების თაობაზე”.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ის ნორმები, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ქეთი ერემაძე და მაია კოპალეიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ვახტან ხმალაძე, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წევრი ადვოკატები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ირიბი მტკიცებულების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 22 იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე სისხლის სამართლის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მის აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, აგრეთვე ისეთი საკითხზე როგორიცაა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების როლი ირიბი მტკიცებულების თაობაზე არსებული სამართლებრივი პრობლემის გადაჭრაში.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ ირიბი მტკიცებულებების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების თაობაზე. ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან, აგრეთვე ადვოკატთა კორპუსიდან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ნახეთ მედია ამ თემაზე…