კარგი პოლიტიკის გარდაქმნა რეალურ ცვლილებებად

2 ივლ, 2016

ქრისტოფერ სტოური, ღია საზოგადოების ფონდების პრეზიდენტი . 2 ივლისი, 2012

ოცდაათი წლის წინ ჯორჯ სოროსმა “ღია საზოგადოების ფონდების” დაარსება დაიწყო. მას შემდეგ ამ ფონდების რიცხვი ძალიან გაიზარდა. ახლა ფონდები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს და გლობალურ ხედვას ადგილობრივ ცოდნასა და კანონიერებასთან აერთიანებს.

ამ ხნის განმავლობაში, ღია საზოგადოებების შესაქმნელად ვიყენებდით განსაკუთრებულ ნიჭს, ცოდნასა და უნარებს. დღესაც ისევე ერთგულად ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, როგორც 30 წლის წინ, რათა გავაფართოვოთ და დავიცვათ ადამიანის უფლებები, აღვადგინოთ სამართლიანობა, დავიცვათ, პატივი ვცეთ ადამიანის ღირსებას და გავაძლიეროთ დემოკრატია.

საქმისადმი ჩვენი ერთგულება საზრიანობას, თანამშრომლობასა და შეუპოვრობას უნდა შევუთავსოთ, თუ გვსურს, რომ ჩვენი საქმიანობის სფეროებში მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწიოთ. ცვლილებებს, რომელიც საგრძნობი იქნება უფლებაშელახული ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვისი სახელითაც ვმოქმედებთ.

ეს არ არის მარტივი ამოცანა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ უკეთესი კანონები და პოლიტიკა თავისთავად არ ნიშნავს ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. ამის მოწმე გავხდი სამხრეთ აფრიკაში ვერას სამართლის ინსტიტუტში ყოფნის დროს. კარგად მახსოვს სამხრეთ აფრიკის მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან დულა ომართან შეხვედრა 1996 წელს, ნელსონ მანდელას პრეზიდენტობის დროს. ომარმა მითხრა, როგორ მიაჩნდა თავდაპირველად აფრიკულ ეროვნულ კონგრესს, რომ სამხრეთ აფრიკას კარგი კანონების მიღებისა და კარგი პოლიტიკის შემუშავების საშუალებით შეცვლიდა. მაგრამ ორი წლის შემდეგ, როდესაც უკვე ბევრი რამ სასიკეთოდ იყო შეცვლილი, ომარი მიხვდა, რომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის სასიკეთო ცვლილებები ჯერ კიდევ მიუწვდომელ ოცნებად რჩებოდა.

“ღია საზოგადოების ფონდებმაც” მსგავსი გამოცდილება მიიღო. წლების განმავლობაში ჩვენ ბოშა ბავშვების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ვიბრძოდით აღმოსავლეთ ევროპის სკოლებში, სადაც სეგრეგაციას განიცდიდნენ. 2007 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბოშების სასარგებლოდ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება „დ.ჰ. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ” (D.H. and Others v. the Czech Republic), მაგრამ მიუხედავად ამ იურიდიული გამარჯვებისა, ეს სკოლები საზოგადოებისგან კვლავ იზოლირებულები დარჩნენ.

ზემოთ აღნიშნული შემთხვევები წარმოაჩენს, როგორ განიცდიან რეფორმატორები იმედგაცრუებას და რა სირთულეები ახასიათებს მათ საქმიანობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი პროგრამული განცხადების გაკეთება, უკეთესი კანონის შექმნა ან სასამართლო საქმის მოგება არ არის. ჩვენი საბოლოო მიზანია რეალური ცვლილებები შევიტანოთ იმ ადამიანთა ცხოვრებაში, ვისაც წარმოვადგენთ. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ავიწროვებენ და ცუდად ეპყრობიან. საჭიროა გადავლახოთ დაბრკოლებები, რომლებიც ამ ადამიანებს ხელს უშლის ხმა აღიმაღლონ და საკუთარი შესაძლებლობები გამოიყენონ.

“ღია საზოგადოების ფონდებს” მრავალი მექანიზმი აქვთ აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენ კომპეტენტურები ვართ ჯანმრთელობის, განათლების, სამართლის, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში. შეგვიძლია ხელი შევუწყოთ კვლევითი ცენტრების დაარსებას ან ინვესტიციები ჩავდოთ ეკონომიკაში. შეგვიძლია ინდივიდუალური სტიპენდიებისა და გრანტების შეთავაზება. ჩვენი ძალა ამ რესურსების თავმოყრის უნარშია, იმისათვის, რომ არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები საჭირო მიმართულებით, გრძელვადიანი სტრატეგიების განსახორციელებლად გამოვიყენოთ.

თუ კიდევ უფრო მეტ ასეთ შესაძლებლობას ვიპოვით და თავს მოვუყრით ჩვენი ქსელის მასშტაბით არსებულ რესურსებს, შევძლებთ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრებაში შევიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილება. ვიცი, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება და მოუთმენლად ველი ჩემს წინაშე არსებული გამოწვევების მიღებას.

ბლოგის ორიგინალი ვერსია: Turning Good Policies into Real Change, Web site of the Open Society Foundations, Section: Voices.