ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება

16 დეკ, 2015

ანგარიში სრულად

დღეს  ფონდმა  „ღია საზოგადოება – საქართველომ” წარადგინა  ანგარიში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შესახებ.  ანგარიშზე  არასამთავრობოთა არაფორმალური კოალიცია მუშაობდა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.

დოკუმენტი  ასახავს პერიოდს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, 2014 წლის 1 სექტემბრიდან  2015 წლის 1 სექტემბრამდე.

ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილის – მათ შორის სასამართლო სისტემის, ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული და საჯარო სამსახურის რეფორმების  განხორციელება, ბრძოლა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ, შრომითი უფლებები და სტანდარტები, თანასწორი მოპყრობა და ბავშვთა უფლებები.

ანგარიშზე მუშაობის პერიოდში კოალიცია აქტიურად თანამშრომლობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. მოცემულ ეტაპზეც სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს შორის მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

დღევანდელ პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთეს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ,  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დირექტორმა ქეთო ხუციშვილმა. ცალკეულ სფეროებში გამოვლენილ მიღწევებსა და ნაკლოვანებებზე ისაუბრეს იმ არასამთავრობოთა წარმომადგენლებმა, რომელთაც ესა თუ ის კონკრეტული სფერო გააანალიზეს.

ქეთი ხუციშვილის თქმით ” “მართლაც, არაერთი პროგრესია მირწეული 6 ძირითადი მიმართულებით, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ ნაწილს, მაგრამ სერიოზული გამოწვევებიც რჩება”.

კვლევის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათაგან, რამდენიმე ყველა სფეროსოსთვის საერთოა. მაგალითად, სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ გააჩნია ხელშეკრულების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეფასების მექანიზმი; სუსტი, არაკოორდინირებული და არასაკმარისია თანამშრომლობა ერთსა და იმავე აქტივობაზე პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებას შორის; არის შეუსაბამობა სამოქმედო გეგმებში მითითებულ აქტივობებსა და ასოცირების დღის წესრიგში განსაზღვრულ მიზნებს შორის; მოუწესრიგებელია გეგმის შესრულების შეფასების მაჩვენებლები, არ არსებობს თითოეული აქტივობის შესრულების დეტალური განრიგი მიღწეული პროგრესის გასაკონტროლებლად; არ არის ცხადი, რამდენად არსებობს საკუთარი როლის შეფასების მექანიზმი შესაბამისი უწყების მიერ.

დავით ბაქრაძე ზემოთ ჩამოთვლილ ზოგად პრობლემებს იზიარებს და აცხადებს, რომ ანგარიშით მიღებულ რეკომენდაციებს სახელმწიფო გაითვალისწინებს.

“შემოგვაქვს შეფასების ინდიკატორები, რომელიც მათემატიკურად ზუსტად დათვლის გაწეული სამუშაოს და მოგვცემს სრულფასოვან ინფორმაციას იმაზე, თუ რა, როგორ სრულდება რეალურად’- ამბობს ბაქრაძე.

კვლევის შედეგები სფეროების მიხედვით მართლმსაჯულება

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩატარდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმართულებით, თუმცა საქართველოს მთავრობის საქმიანობა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების სფეროში დღეისათვის დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება.

მცირეოდენი მიღწევების ერთ-ერთი პოზიტიური მაგალითია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღება. დანარჩენი რეფორმების მასშტაბი შეზღუდულია და საეჭვოა მათი ეფექტიანობა დამოუკიდებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალური სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების შექმნის თვალსაზრისით.

მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ პარლამენტს ფაქტობრივად არავითარი როლი არ აკისრია მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებასა და მონიტორინგის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმებში მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ აქტივობათა უმრავლესობა ეხება და მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, სამოქმედო გეგმებში პარლამენტი არსად არის მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი პასუხისმგებელი მხარე. გარდა ამისა, პარლამენტი აქამდე არავითარ მონაწილეობას არ იღებდა განხორციელების პროცესის გარე მონიტორინგში, რაც მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა.

ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური 

ანტიკორუფციული და ადმინისტრაციული რეფორმების გატარება საქართველოს ვალდებულებაა  საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

ხელშეკრულების  შესრულების შეფასების პირველი წლის შედეგები იმედისმომცემია ანტიკორუფციული და ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით.  რიგ შემთხვევებში წინსვლა ძალზე საგრძნობი იყო და მნიშვნელოვანი მიზნები იქნა მიღწეული: დამტკიცდა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მიღებული იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ” და განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე შემოღებული იქნა მონიტორინგის სისტემა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირთა ქონების დეკლარაციებისთვის.

საქართველოს მთავრობის არასათანადო ყურადღებას იმსახურებს კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, თუმცა ეს აქტივობა სამოქმედო გეგმაში 2014 წლიდან იყო ჩართული.

სასტიკი მოპყრობა და წამება

წამების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიღწევები  ორ უმთავრეს მიმართულებას მოიცავს: საპატიმროების შიდა და გარე მონიტორინგი და ჯანდაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში.

მიუხედავად იმისა, რომ დახურული დაწესებულებების  შიდა ინსპექტირების სისტემები თანდათანობით ვითარდება, ჯერ მაინც არ ჩანს მათი ეფექტიანობა სასტიკი მოპყრობისა და სხვა სახის დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ამას გარდა, ისევ არ არსებობს დახურული დაწესებულებების გარე საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი. აუცილებელია ეფექტიანი პლატფორმის შექმნა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებაში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან მიმოწერიდან ჩანს, რომ სამინისტრო ფრთხილად ეკიდება საპყრობილეებზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის გარე მექანიზმის შექმნას. ოფიციალური პირები ისევ ეჭვის თვალით უყურებენ მას, განსაკუთრებით კი კონტროლს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ, განვითარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაიხვეწა მენეჯმენტის საქმიანობა. თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი სამედიცინო პერსონალის როლის გაძლიერებამდე წამების წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი მიღწევაც შესაძლებელია დაზიანების ადეკვატური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტირების პრაქტიკის დანერგვით.

ხელისუფლებამ შეასრულა მასზე დაკისრებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის თვალსაზრისით და განაგრძობს მუშაობას იმისათვის, რომ პატიმრებს, მათ შორის სპეციალური საჭიროებების მქონე პირებსაც (შშმ პირებს, წამალდამოკიდებულ პირებს, ქალებსა და ბავშვებს და ა.შ.) დროულად გაეწიოთ ადეკვატური და სამოქალაქო ჯანდაცვის შესაბამისი მკურნალობა საპატიმროებში. უნდა შენარჩუნდეს პოზიტიური ტენდენციები და კიდევ უფრო დაიხვეწოს მართვის ინსტრუმენტები, რათა შესაძლებელი გახდეს პაციენტების საჭიროებებისა და გაწეული/საჭირო მომსახურების გაზომვა, შეფასება და გაანალიზება. გარკვეული საფუძველი უკვე შექმნილია იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სფეროშო დასაქმებულ პროფესიონალთა როლი არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა

თეორიულად საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები დადებითად აისახა შრომითი ურთიერთობების მოგვარების საკითხზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ცვლილებების პრაქტიკაში გამოყენებისმონიტორინგი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მათი განხორციელება დახასიათდეს როგორც ეფექტიანი. საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ეხება შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას, დაწყებულია, თუმცა აღნიშნული პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ცვლილებები მედიაციის, სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობისა და სამმხრივი კომისიის მუშაობის, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში, ვინაიდან ეს ყოველივე სახელწიფოს ვალდებულებებს განეკუთვნება.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. გასათვალისწინებელია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2004 წლის შემდგომ, მხოლოდ 2015 წლის იანვარში განახორციელა, თუმცა მოცემული კონვენცია (№185) ამ ეტაპზე მხოლოდ ვიწრო ჯგუფს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად ვლინდება, რომ  თანამშრომლობა თანდათან ღრმავდება და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდება მასშტაბური პროექტები, რაც სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფრო დიდი წრისთვის.

თანასწორი მოპყრობა

ასოცირების დღის წესრიგის ფუნდამენტური ამოცანა – გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და ქალებისა და მამაკაცების მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დანერგვა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში – ეროვნულ გეგმებში მხოლოდ ორი აქტივობის სახით არის ასახული, რომელთა განხორციელება ორ კონკრეტულ ინსტიტუტს ევალება: ეს არის თავდაცვის სამინისტროს მიერ  გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელება და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მოსამართლეთა ტრენინგის ჩატარება. საქართველოს მთავრობა ასოცირების 2014-2016 წლების დღის წესრიგში არ ითვალისწინებს 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების ვალდებულებას.

თანასწორი მოპყრობის ნაწილში განსაზღვრული ერთ-ერთი, რიგით მესამე პრიორიტეტი გულისხმობს ოჯაში ძალადობის აღკვეთას და მსხვერპლთათვის საკონსულტაციო მომსახურების მისაწვდომობის უზრუნველყოფას. ეს ვალდებულება აისახა ეროვნული სამოქმედო გეგმების აქტივობებში, რომლებიც დამაკმაყოფილებლად შესრულდა კიდეც. ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება არის ის, რომ 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმა სრულიად არ ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირების საქმიანობას.

სადღეისოდ საქართველოს არ გააჩნია მკაფიო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალებისა და მამაკაცებისადმი თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად.

ბავშვთა უფლებები

ანგარიშში განხილული ძირითადი საკითხებია ბავშვთა სიღარიბე და სიღარიბის ზეგავლენა ბავშვებზე, ასევე ბავშვთა მოწყვლადი ჯგუფების – მათ შორის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა.

როგორც ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, ბავშვთა უფლებების კუთხით საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ იპყრობს საკმარის ყურადღებას. ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა პოლიტიკის და ბიუჯეტის დაგეგმვის დროს არ არის განხილული პრიორიტეტულ თემებად, შესაბამისად, მათზე არასაკმარისი რესურსებია გამოყოფილი. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აანალიზებს ბავშვთა დაცვის უგულებელყოფის   საზიანო შედეგებს თითოეული ბავშვისა და ქვეყნის განვითარებისათვის.

მთავარ დაბრკოლებას ბავშვთა უფლებების დაცვისათვის წარმოადგენს პოლიტიკური ნების და ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემებს შორის კოორდინაციის არარსებობა.

###

რესპონდენტები სფეროების მიხედვით:

  • ანგარიშის შესავალი და მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა

ვანო ჩხიკვაძე, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”

  • მართლმსაჯულება

ანა ნაცვლიშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”

  • ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური

ერეკლე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

  • სასტიკი მოპყრობა და წამება

ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმა”

  • პროფესიული კავშირების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები

ნინო ელბაქიძე, თინათინ ნადარეიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”

  • თანასწორი მოპყრობა

ბაია პატარაია, კავშირი „საფარი”

  • ბავშვთა უფლებები

ანა არგანაშვილი, ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”