სტუდენტები პარლამენტარების ამპლუაში

4 ივლ, 2017

 „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ორგანიზაცია „პირველი მუხლი” ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში ახალგაზრდობის ინფორმირებული ჩართულობის გაძლიერება, ასევე, პარლამენტის შიგნით თუ აღნიშნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფორმატში მომავალი საქმიანობისთვის პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობა.

ამ მიზნით სტუდენტებმა პარლამენტში იმიტირებული საკომიტეტო სხდომა გამართეს და საკუთარი ძალებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს. სტუდენტები პარლამენტარების ამპლუაში შეჯიბრების ფინალში თსუ-ის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. პროექტი „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომების”ფარგლებში გაიმართა.

სტუდენტებმა განსახილველად გამოიტანეს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”. შეჯიბრის პირობების მიხედვით, სტუდენტებს უნდა მოეხდინათ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით; მოემზადებინათ კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი; წარედგინათ მომზადებული კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე და გაეწიათ მოწინააღმდეგე გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ოპონირება. მათ ასევე უპასუხეს ჟიურის წევრთა კითხვებს.

სტუდენტების გამოსვლებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, კახაბერ კუჭავა, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ხუციშვილი და ექსპერტები: გიორგი ბურჯანაძე, სოფიო ჯაფარიძე, ეკატერინე სხილაძე და მაკა კვაჭაძე.

აღნიშნული პროექტი თებერვალში დაიწყო და მასში საქართველოს სხავადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 20 გუნდი მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც ჟიური შეაჯამებს შედეგებს, 6 ივლისს პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

  

   

      მედია ამ თემაზე